რედაქტორისგან
საქინფორმი: “მოქალაქე ივანიშვილო, რატომ ეხმარებით ელიტას, რომელიც მაშინვე შეგაქცევთ ზურგს, როგორც კი გადახდას შეწყვეტთ, და არა უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც ბევრად უფრო უჭირთ და რომელთა წყალობითაც გაიმარჯვეთ?!”

1-grazhdanin-pol-3საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 19 თებერვალს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოჩნდა მსახიობთა პოსტები იმის თაობაზე, რომ პლასტიკურ ბარათებზე თანხების ჩარიცხვა შეუწყდათ. ლაპარაკია იმ დახმარებაზე, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილისგან იღებდნენ.

«ივანიშვილმა მსახიობებს (არაღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა, თანაც გაუფრთხილებლად: კონკრეტულად დღეს, უბრალოდ, ბარათზე აღარ დახვდათ თანხა… სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით…», - სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» განთავსებული ამ სტატუსის ავტორი მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილია და ის ერთადერთი არ არის, ვინც ივანიშვილს გაუნაწყენდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფონდ «ქართუში» სპორტსმენების, ხელოვნებისა და განათლების წარმომადგენელთა დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. კერძოდ, გადაწყდა, რომ აღნიშნულისთვის საჭირო თანხები, გრანტის სახით შესაბამის სამინისტროებს გამოეყოფათ და ყველას, ვინც აქამდე დახმარებას ფონდისგან იღებდა, ამიერიდან იგივე ოდენობის თანხა ანგარიშზე განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროებისგან დაერიცხებათ.

„თანხების რაოდენობა, დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა მიიღებს თებერვლის დაფინანსებასაც, რომელიც მათ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გამო არ ჩარიცხვიათ», - განუცხადა Ambebi.ge-ს ფონდ «ქართუს» იურისტმა ნინო კიკნაძემ. 

საქინფორმისგან: მოქალაქე ივანიშვილო! ქართველი საზოგადოება უკვე დიდი ხანია სვამს შეკითხვას - რა კრიტერიუმებით შედგა იმ მოღვაწეთა საქველმოქმედო სია, რომლებსაც თქვენ ეხმარებით? რა თქმა უნდა, ფული თქვენია და როგორც მეცენატი, ვალდებული არ იყავით, ვინმესთვის ანგარიში ჩაგებარებინათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერი გახდა, როგორადაც დღემდე გვევლინებით, ეს უკმაყოფილებას იწვევს ხალხში - იმ ხალხში, რომლის წყალობითაც თქვენ და თქვენმა გუნდმა ყველა არჩევნებში გაიმარჯვეთ! ამის შემდეგ თქვენთვის გაჭირვებული მსახიობი ან მომღერალი უნდა იყოს ერთ-ერთი ასიათასობით უმუშევართაგან - უბრალო ადამიანებისგან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან, და არ უნდა ჰქონდეს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგია მათ წინაშე. დაეხმარეთ ქართულ კულტურას და ეკონომიკას, რათა კულტურის მოღვაწეებმა, მათ შორის მსახიობებმა, მომღერლებმა და პოეტებმა ღირსეული ხელფასი მიიღონ!

და არ დაგავიწყდეთ, მყისვე როგორ შეგაქციეს ზურგი თქვენს კმაყოფაზე მყოფმა მრჩეველებმა, ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, ჟურნალისტებმა და კულტურის მოღვაწეებმა, როგორც კი სოლიდური დაფინანსება შეუჩერეთ.