საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. რადიკალური ნაციონალისტური ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დიმიტრი იაროშმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის ფორმირებას ხელი არ მოუწერია რაიმე შეთანხმებაზე და ზავის დაცვას არ აპირებს.
ოთხშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი დროებით ზავზე და სისხლისღვრის შესაჩერებლად მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
დიმიტრი იაროში Facebook -ზე: „ვიღაცას სურს სახალხო აჯანყება ყალბი ზავის გამოცხადებით შეაჩეროს. ოფიციალურად ვაცხადებ, „მემარჯვენე სექტორს“ ხელი არ მოუწერია რაიმე შეთანხმებაზე და არავის არაფერზე მოლაპარაკებია“.
„მემარჯვენე სექტორი“ 30 ნოემბერს „ბერკუტისათვის“ წინააღმდეგობის გაწევაში მონაწილეობდა, 1 დეკემბერს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, იანვარში კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე მილიციასთან შეტაკებაში, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობების მიტაცებაში. უკრაინის შსს-მ სწორედ „მემარჯვენე სექტორს“ დააკისრა პასუხისმგებლობა კვირის დასაწყისში კიევში პროფკავშირის სახლის დაწვისათვის. მილიციის აზრით, აალების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ბოროტგანმზრახველების მცდელობა, დაემალათ, რომ შენობაში იარაღი და ასაფეთქებელი მასალა ინახებოდა.ამავე დროს, ოპოზიციის ლიდერებისა და ხელისუფლების წინა მოლაპარაკების დროს „მემარჯვენე სექტორი“ დათანხმდა ხელი შეეწყო მიღწეული კომპრომისის რეალიზაციისათვის, რაც დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ კიევში გრუშევსკის ქუჩის გათავისუფლებას გულისხმობდა.
ნაციონალისტური ორგანიზაციების გაერთიანება „მემარჯვენე სექტორი“ 2013 წლის დამლევს გამოჩნდა. „მემარჯვენე სექტორში“ შედიან ორგანიზაციები „ტრიზუბი“, „უკრაინის პატრიოტი“ „თეთრი ურო“, „სოციალ-ნაციონალური ასამბლეა“, “უნა-უნსო” და სხვ.
როგორ გამწვავდე სიტუაცია უკრაინაში.
კიევის ქუჩებში მასშტაბური უწესრიგობები სამშაბათს, უმაღლესი რადას სხდომის დღეს განახლდა, რომელზეც ოპოზიცია მმართველობის საპარლამენტო-საპრეზიდენტო ფორმის დაბრუნებას და 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას მოითხოვდა. აგრესიულად განწყობილი ბრბო უკრაინის პარლამენტთან მიახლოებას ცდილობდა, რადიკალები კიევის ცენტრში მდებარე შენობებში იჭრებოდნენ, წვავდნენ ავტომანქანის საბურავებს, მილიციელებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მილიციის მონაცემების თანახმად, რადიკალებმა პირველად გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. უწესრიგობების შედეგად უკვე 26 ადამიანი დაიღუპა, მათგან 10 - სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი. შსს-ს ცნობით, დაშავდა დაახლოებით 800 ადამიანი.