რედაქტორისგან
“უკრაინა დაკარგავს თავის ტერიტორიებს, როგორც საქართველო, და ეს პროცესი არანაკლებ სისხლიანი იქნება, ვიდრე საქართველოში!” - არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტოს “НОВОСТИ – АЗЕРБАЙДЖАН”

1-ukraina-pol-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანი - სომხეთი - მთიანი ყარაბაღი, რუსეთი - უკრაინა - ევროკავშირი, საქართველო - აფხაზეთი - სამხრეთ ოსეთი, აშშ - მარგველაშვილი და სოჭის ოლიმპიადა: საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტოს “НОВОСТИ – АЗЕРБАЙДЖАН

- ბატონო არნო, როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამასწინანდელ ვიზიტს აზერბაიჯანში?

- ეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში და მე მას მხოლოდ დადებითად ვაფასებ. ამიერკავკასიის ქვეყნების პრეზიდენტთა სამუშაო ვიზიტები ჩვეულებრივი ამბავია, მითუმეტეს, რომ თბილისსა და ბაქოს არა მარტო ძმური, არამედ ფართო პარტნიორული ურთიერთობაც აკავშირებს სრულიად სხვადასხვა სფეროში - ენერგეტიკაში, ტრანსპორტში,ვაჭრობაში.

ყველაზე მთავარია, რომ ამით წერტილი დაესვა არაკეთილმოსურნეთა ინსინუაციებს, რომლებიც არაჯანსაღ ჰიპოთეზებს აგებდნენ იმის თაობაზე, რომ ვიზიტი ორჯერ გადაიდო და მას გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტმა დაასწრო.

ყველაფერ დანარჩენზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ბაქოში შეხვედრები და ჩვენი სახელმწიფოების უმაღლეს ხელმძღვანელთა პრესკონფერენციები,

მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, სერიოზულად შეიკვეცა - პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს გადაეცა, რომელიც, სხვათაშორის, საზღვარგარეთ პირველი ვიზიტით სწორედ ბაქოში ჩავიდა, როგორც გახსოვთ - გასული წლის დეკემბერში.

- ახალი წლის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე სიტუაცია სერიოზულად გართულდა. დაძაბულობამ მრავალგზის იმატა. თითქმის ყოველდღე - მოკლულები და დაჭრილები. როგორ მიგაჩნიათ, ხელს აძლევდა თუ არა ამგვარი დაძაბულობა რაიმე “მესამე ძალებს”, განსაკუთრებით, სოჭში ოლიმპიადის სტარტის წინ?

- სიტუაციის ზედმეტად დრამატიზებას არ დავიწყებდი და ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე დაძაბულობის აფეთქებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, თუნდაც ამჯერად ცეცხლის ინტენსიურობა და ადამიანური დანაკარგი შედარებით მეტი იყოს. აი, თქვენ მიერ სწორად შემჩნეული ფაქტი,რომ ეს ეპიზოდი სოჭის ოლიმპიადის გახსნას დაემთხვა, ექსპერტებისა და სპეცსამსახურების სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან, სავსებით შესაძლებელია, გარედან იყო პროვოცირებული.

ვინ არის ეს “მესამე ძალა”? აზერბაიჯანს ან სომხეთს არაადეკვატური პიროვნებები რომ ხელმძღვანელობდნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს, ომი საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყო, შეიძლებოდა “ძაფები” ბაქოში ან ერევანში გვეძებნა. მაგრამ ამ თვალსაზრისით ღმერთი გწყალობთ.

რჩება საერთაშორისო ტერორისტები ან დასავლეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ოცნებობენ რუსეთს საქმე წაუხდინონ და კავკასიაში სიტუაცია როგორმე მაინც არიონ, რათა სახელი გაუტეხონ რუსეთის იმიჯისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც სოჭის ოლიმპიადაა. ხომ ფაქტია, რომ ვოლგოგრადში აფეთქებების სერიას გაგრძელება არ მოჰყოლია და თამაშების ჩაშლა, რომლებსაც რუსეთმა მილიარდები დაახარჯა, არ მოხერხდა. მაგრამ ტერორისტები ორივე მხრიდან მილიტარიზებულ ყარაბაღში, თუნდაც საომარი მოქმედებების პროვოკატორების სახით - არარეალურია, ამიტომ ისინი გამოირიცხნენ. რჩება უცხოური სპეცსამსახურები.

რომელი ქვეყნის? ამაზე აზერბაიჯანის და სომხეთის სპეცსამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე თბილისში ვიმყოფები, თქვენს საჯარისო დაზვერვებთან დაშვება არ მაქვს, ამიტომ ჩემი მხრიდან გაბღენძილი სახით სკანდალური ჰიპოთეზების კეთება, ზოგიერთი ქართველი “კავკასიის საკითხებში ექსპერტის” მსგავსად, უაღრესად არაკომპეტენტური იქნებოდა. მაგრამ ელემენტარული პოლიტიკური ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი გამწვავება ყარაბაღში - იმავე სუბიექტების ნამოქმედარია, ვინც თავის დროზე ეს კონფლიქტი გააჩაღა.

ვის სჭირდება ეს, ვინ მოიგებს, თუ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი კონტროლიდან გამოვა და ისევ “ცხელ ფაზაში” გადავა? არა მარტო თქვენი ხალხების არაკეთილისმსურველებს, არამედ რუსეთის მტრებს, რომლებიც ამით მისი, როგორც მთავარი მედიატორის - ეუთოს მინსკის ჯგუფში შუამავლის როლის დისკრედიტაციას ახდენენ, ჯგუფის, რომელიც ამდენი წელია ინარჩუნებს სიტუაციას სტატუს კვოში “ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია”. ამით ეჭვქვეშ დადგება რუსეთის როლი, როგორც მედიატორი-არბიტრის არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად - ჟენევის ფორმატში საქართველოსთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, არამედ უფრო გლობალურ მსოფლიო დონეზე - სირიასთან და ირანთან.

ისღა დაგვრჩა, ვუპასუხოთ შეკითხვას: ვინ ბრაზობს იმის გამო, რომ რუსეთმა საშუალება არ მისცა ე.წ. ოპოზიციას სირიაში სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა და პრეზიდენტი ასადი ჩამოეგდო? ვინ აწოდებდა ამ “ოპოზიციას” ბოევიკებს და იარაღს? რა ძალები აკრიტიკებენ პრეზიდენტ ობამას, რომ მან პუტინს “დაუთმო” და სირიაში “ოპოზიციის” დასახმარებლად ამერიკის რეგულარული არმია არ გაგზავნა, რითაც მსოფლიოში აშშ-ის გავლენა შეასუსტა? ვინ აკრიტიკებს აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს, რომ მან რუსეთს ირანის გარშემო სიტუაციის დარეგულირების  საშუალება მისცა, ისევე როგორც სირიაში ქიმიური იარაღის არსებობის საკითხის, და ამით ეფექტური “მიზეზი” წაართვა, რომ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის სარაკეტო დარტყმა მიეყენებინათ და მესამე მსოფლიო ომი დაეწყოთ?

დაბოლოს, ვინ გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას, ათასგვარ პროვოკაციებს აწყობდა, სპორტსმენებს “ტერორისტებისგან” გაფრთხილებებს უგზავნიდა და პრეზიდენტ პუტინს სექსუალური უმცირესობების უფლებების შელახვისთვის აკრიტიკებდა?

ამ შეკითხვებზე პასუხები მთელი მსოფლიოს მედიას ფურცლებზეა, ამიტომ აქ მე აღარ გჭირდებით.

- შესაძლებელია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე დაძაბულობა სრულფასოვან ომში გადაიზარდოს? და თუ - კი, როგორ მოიქცევა ოფიციალური თბილისი?

- ნაკლებ მოსალოდნელია, რომ რუსეთი ყარაბაღის სიტუაციის სრულფასოვან ომში გადაზრდას დაუშვებს, მითუმეტეს ბოლო დროს მიღწეული ძვრების შემდეგ (ახლა აღარ გავიხსენებ პრეზიდენტების ალიევის, სარგსიანის და პუტინის ბოლო შეხვედრებს და მათ მიერ მიღწეული შეთანხმებების, უფრო ზუსტად - “საგზაო რუკის” კონტურებს, ეს ყველაფერი ფართოდ განიხილებოდა პრესაში და ექსპერტთა წრეებში). თურქეთს და აზერბაიჯანს ხელს არ აძლევს ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის ჩაშლა, ამიტომ ასე ვიტყოდი - 9 1-ზე, რომ ომი მთიან ყარაბაღში ისევ იფეთქებს.

რაც შეეხება ოფიციალურ თბილისს, საქართველოში დღეს ადეკვატური ხელისუფლებაა, და არა ავანტიურისტი სააკაშვილი. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ მის თანამოსაგრეებს მესამედზე მეტი ადგილები უკავიათ პარლამენტში და თანამდებობებზე რჩებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოში, პროკურატურაში, შსს-ში და შეიარაღებულ ძალებში, რისი წყალობითაც პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება პერმანენტული საბოტაჟის რეჟიმში ჰყავთ, საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის ომში რომელიმე მხარეს არ ჩაერევა, ხოლო თუ ჩაერევა - მხოლოდ როგორც მედიატორი, შუამავალი.

- სააკაშვილის წასვლის შემდეგ ისე გვეჩვენებოდა, რომ თბილისის საგარეო პოლიტიკური ვექტორი რფ-ის მხარეს მიბრუნდებოდა, თუმცა სინამდვილეში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი გრძელდება. რა კომენტარს გაუკეთებთ ამას და როგორ უდგება მთლიანობაში ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება?

- დიახ, მართლაც, როდესაც პოლიტიკაში, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებაში ოლიგარქი ივანიშვილი მოვიდა - ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება რუსეთში იმუშავა და თავისი მილიარდები იქ იშოვა, რომელმაც თავის პირველსავე პრესკონფერენციაზე სააკაშვილი 08.08.08 ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა, მერე კი, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა, პოლიტპატიმრები ციხეებიდან გაათავისუფლა, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო და ჰუმანიტარული კავშირი აღადგინა, სააკაშვილის ხელისუფლების ანტირუსულ რიტორიკაზე და მილიტარისტულ-რევანშისტულ გეგმებზე უარი თქვა, - ბევრს ისევე ეჩვენებოდა, როგორც თქვენ. მაგრამ არ გსაყვედურობთ, იმიტომ რომ მართლაც - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მაშინ პირადად ივანიშვილს ხმა ორი მიზეზით მისცა: პირველი - რომ მას სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და მისი მმართველი ხროვა “ნაცმოძრაობა” გაენადგურებინა, და მეორე - რომ მას რუსეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირების გარეშე სრული მოცულობით შეუძლებელია.

მაგრამ მე, როგორც პოლიტოლოგს, ასეთი ილუზიები არასდროს მქონია, რადგან ვითვალისწინებდი ივანიშვილის სახით ახალი პოლიტიკური ძალის და მის მიერ შექმნილი, 90%-ით პროამერიკული პარტიებითა და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კოალიცია “ქართული ოცნების” ბექგრაუნდს. აგრეთვე იმიტომ, რომ ყველა მათ წინასაარჩევნო მიტინგზე ნატოს და ევროკავშირის დროშებს ვხედავდი, ვუსმენდი ივანიშვილის და საქართველოს დღევანდელი უმაღლესი ხელმძღვანელების ყველა გამოსვლას, რომლებიც ყოველ სიტყვაში, ყველგან და ყოველთვის, ხაზს უსვამდნენ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობას.

რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას - ის დღესაც თავის აზრზე დარჩა, მეტიც - დღეს რომ საქართველოში საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდეს, აბსოლუტური უმრავლესობა ნატოში და ევროკავშირში საქართველოს შესვლის წინააღმდეგ გამოვა და რუსეთთან მეგობრობას დაუჭერს მხარს, სწორედ ამიტომ საეჭვოა, ასეთი რეფერენდუმი ჩატარდეს. მითუმეტეს, რომ რუსეთი დიდი ხანია ჩამოსცილდა და ამ საკითხის გადაწყვეტა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიანდო. ხოლო ზოგიერთი დაქსაქსული და მცირერიცხოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომლებიც პერიოდულად დაკვეთით გაჰყვირიან რუსეთთან მეგობრობაზე, იმდენად უმწეოები, ყალბები და თავისი ბექგრაუნდით არაკეთილსინდისიერები არიან, რომ ამ ტრენდს მხოლოდ სახელს უტეხენ. არა, არსებობენ არაკომპრომეტირებული პროფესიონალები და პატრიოტებიც, მაგრამ ჯერჯერობით მათი ორგანიზებული გაერთიანება არ მომხდარა, მათ გარეშე კი ხალხი უმწეოა.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი განცდა იქმნება, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარება მომავლისთვის გადაიდო. ტარდება თუ არა დღეს რაიმე მუშაობა ამ კონფლიქტების გადასაჭრელად?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს საკითხი სააკაშვილის შემდეგ “მკვდარი წერტილიდან” არ დაძრულა. დიახ, შექმნეს ბუტაფორული სამინისტრო, რომელსაც აფხაზებისა და და სამხრეთელი ოსებისთვის შეურაცხმყოფელი სახელწოდება - “რეინტეგრაციის” ერქვა (თითქოს მათ რეინტეგრაციას მათგან დაუკითხავად აპირებდნენ, როგორც მეორეხარისხოვანი ადამიანების!). ამასწინათ მას სახელი გადაარქვეს და შერიგების სამინისტრო გახდა, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს, ისინი ხომ ქართველებს, რომლებიც მათ ძმებს ეძახიან, თვითონ ასეთებად არ მიიჩნევენ. სხვათაშორის, ამ სამინისტროს სათავეში უდგას აფხაზებისა და სამხრეთელი ოსებისთვის უცნობი მინისტრი არამარტო პორტფელის, არამედ თავის და უფლებამოსილებების გარეშე, რომელიც გამუდმებით აშშ-ში ყურყუტებს და საკუთარ თავს სააკაშვილზე უარესი რუსოფობური გამოხტომების უფლებას აძლევს.

მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა და არც წავა. საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, აფხაზები და სამხრეთელი ოსები თავიანთ დამოუკიდებლობას არ თმობენ და საქართველოსგან მათთან, როგორც სრულუფლებიან სამართლებრივ სუბიექტებთან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვენ, საქართველო კი მზად არის ასეთ შეთანხმებას მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს ხელი, რომელიც უარს ამბობს, იმიტომ რომ კონფლიქტის მხარე არ არის, მაგრამ არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას აპირებს. ჩიხია! ჟენევის ფორმატი კი დიდი ხანია ფორმალობად გადაიქცა და მხოლოდ ერთი მომლაპარაკებელი მსჯელობს კარასინთან ტექნიკურ საკითხებზე - ივანიშვილის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხებში, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში აბაშიძე.

ამიტომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების საკითხი პრიორიტეტი არ არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ “გამოყოფილი, უდავოდ ქართული ტერიტორიების სტატუსის საკითხი შემდეგისთვის უნდა გადაიდოს, რადგან დღეს არცერთი მხარე კომპრომისზე არ წავა - “წითელ ხაზს” არ გადააბიჯებს და თავის პოზიციებს არ დათმობს”. მაგრამ განა მომავალში უკვე ძალიან გვიან არ იქნება, რადგან საქართველო ნატოსა და ევროკავშირში მიისწრაფვის, სადაც აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს არ უნდათ (სხვათაშორის, მათ არც ეკითხებიან)?! საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკების წარმოების პოტენციალი არ აქვს, მაგრამ ამ საკითხში არც იმ ადამიანებს რთავს, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ საქმე “მკვდარი წერტილიდან” დაძრან, საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და რუსევში დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ, თუმცა, სულ ცოტა, ერთი ასეთი ადამიანი - ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე - მისთვის ცნობილია.

ან იქნებ მას ამის ნებას სტრატეგიული პარტნიორი №1 - აშშ არ აძლევს?! უნდა თუ არა ოფიციალურ თბილისს მართლაც დაიწყოს დიალოგი, დააბრუნოს დევნილები, იპოვოს სოხუმთან და ცხინვალთან რეინტეგრაციის ფორმა თუ ეს მხოლოდ საბაბია, რომ ყოველდღე უძახოს რუსეთს ოკუპანტი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის არ აღდგენის მიზეზი ჰქონდეს?

საქმე ის არის, რომ აშშ და ევროკავშირი საჯაროდ დეკლარირებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმისთვის, რომ გამუდმებით დაადანაშაულონ რუსეთი “აგრესიაში”, ოკუპაციაში და მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობაში, ხოლო ფარულად საქართველოს ხელისუფლებას უბიძგებენ, პირველმა გადააბიჯოს “წითელ ხაზს” - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩ ნორლანდს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე “წამოცდა”. ნატოსა და ევროკავშირში ხომ არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობადარღვეული ქვეყნის მიღება, აი, თუ საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აფიარებს, მაშინ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ზედმეტი პრობლემების გარეშე მიიღებენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს მის დღევანდელ საზღვრებში!

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში დიდხანს მსჯელობდნენ - ღირს თუ არა ოლიმპიადაში მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ სოჭში წასვლა გადაწყვიტეს. რას მოელის ქართული საზოგადოებრიობა თავისი სპორტსმენების გამოსვლისაგან?

- იმის აღწერას, თუ როგორ წყდებოდა ეს საკითხი, დიდი ხანი დასჭირდება და, ალბათ, აღარც არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი პრესაში იყო, თითოეულის საძრახისი როლი ცნობილია და ისტორია შთამომავლობას შეუნახავს ამას. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას დღემდე უწევს დამამცირებლად იმართლოს თავი ამ გადაწყვეტილების გამო აგრესიული უმცირესობის წინაშე, რომელიც ყოველთვის არსებობდა საქართველოში - შოვინისტებისა და რუსოფობების, "ნაცმოძრაობის" პარლამენტარების, ასობით კარგად ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციის - სააკაშვილის მიერ მილიარდობით უცხოური გრანტის ხარჯზე შორსმჭვრეტელურად გამოზრდილი ახალგაზრდობის წინაშე, რომელიც რევანშისათვის ემზადება, და აგრეთვე თბილისური ბომონდის რამდენიმე გარყვნილი წარმომადგენლის წინაშე.

ქართველი ხალხის უმრავლესობა კი (როგორც ინტერაქტიურმა გამოკითხვამ გვიჩვენა - დაახლოებით 80%) მხარს უჭერდა საქართველოს მონაწილეობას და, ვფიქრობ, ამაში ჩვენი დამსახურებაც არის, პატივცემულო გამიდ - ჟურნალისტების და დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელების, 2011 წლის თებერვალში "რია-ნოვოსტის" მიერ სოჭში ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებისა, რომლებმაც პირველებმა მოგვცეს ობიექტური ინფორმაცია ოლიმპიადისათვის მზადების შესახებ.

4 სპორტსმენისაგან შემდგარი ქართული ოლიმპიური გუნდისაგან ბევრს არ მოველით, რადგან სპორტის ზამთრის სახეობებში მაინცდამაინც ძლიერები არ ვართ. რაც შეეხება სამთავრობო დელეგაციას, თქვენ წაიკითხეთ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივნის - პესკოვის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ სოჭში რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მაშ ასე, საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების კულუარებში აქტიურად მუსირებდა ზამთრის ოლიმპიადაზე მარგველაშვილის შესაძლო წასვლის საკითხი, თანაც - საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელად. მაგრამ როცა მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართა ელჩის - რიჩარდ ნორლანდისაგან ნებართვის მისაღებად, როგორც ამბობენ, "მშრალი" უარი მიიღო. "შეგიძლიათ ყველას ევაჭროთ, ვაშინგტონის გარდა! გადაწყვეტილებას არ შევცვლით და არც იფიქროთ ჩვენთან ვაჭრობა!" - მკაცრად დატუქსა აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

ისმის ლოგიკური შეკითხვა: რუსეთსა და საქართველოს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში აშშ-მ, რომელიც არაერთგზის მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარების  აუცილებლობაზე, რატომ დაბლოკა პრეზიდენტების პუტინისა და მარგველაშვილის არაოფიციალური შეხვედრის ასეთი უნიკალური შესაძლებლობა, თანაც - რუსეთისათვის ისეთი საზეიმო ღონისძიების დროს, როგორიც სოჭის ოლიმპიადაა? რატომ აუკრძალეს საქართველოს სოჭში სამთავრობო დელეგაციის გაგზავნა, როცა თავად აშშ სამთავრობო დელეგაციას აგზავნის?

პასუხი აშკარაა: იმიტომ, რომ ამ არაფორმალურ შეხვედრას შეიძლებოდა ხელი შეეწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობისათვის, რაც აშშ-ის გეგმებში არ შედის. "ერთიც ვნახოთ და ადამიანი-პლასტელინი* ისე მოიხიბლოს პუტინით, რომ იქიდან თბილისში დაბრუნებულმა "მოქალაქე" ივანიშვილი** და პრემიერი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ნატოს ნაცვლად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე დაიყოლიოს?! საქართველო იქ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად რომ აღმოჩნდეს, რეალურ გაერთიანებამდე ხომ ერთი ნაბიჯიღა დარჩება!" - სერიოზულად შეშინდნენ ამერიკელები.

- როგორც ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ე.წ. ვარდების რევოლუცია გადაიტანა, როგორ გესახებათ დღევანდელი სიტუაცია უკრაინაში?

- სიტუაცია უკრაინაში შესაძლოა ისევე დამთავრდეს, როგორც ე.წ. ვარდების რევოლუცია საქართველოში - უკრაინა დაკარგავს თავის ტერიტორიებს, როგორც  საქართველო, მას მოსწყდება დასავლეთი უკრაინა, რომელსაც ნატოში და ევროკავშირში მიიღებენ (როგორც საქართველოს მიიღებენ იმ დროისათვის უკვე საბოლოოდ დაკარგული 20% ტერიტორიების გარეშე).

აი, უკვე მესამე თვეა გაოცებული ვადევნებ თვალს არნახულ თავხედობას - როგორ ცდილობს დასავლეთის მიერ მოსყიდული ნეოფაშისტების და დამნაშავეების ბანდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და კანონიერი ხალისუფლების ჩამოგდებას. ინტერნეტი "ნაკერებზე ირღვევა" მათი მანკიერი ბექგრაუნდის დამადასტურებელი დოკუმენტებისაგან! ამაში მათ ეხმარება მრავალრიცხოვანი დესანტი საქართველოდან საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად ქართულ მართლმსაჯულებას აშშ-ში ემალება. ნულანდი, ეშტონი, რომპეი, მაკკეინი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელები სისტემატურად მორიგეობენ მაიდანზე, “ოპოზიციისათვის” ცხელი ყავა, ფუნთუშები და დიპლომატიური ფოსტით მილიონობით დოლარი ნაღდი ფული მიაქვთ, საკუთარი შეხედულებით აყალიბებენ მინისტრთა ახალ კაბინეტს. ამით სურთ სამაგიერო გადაუხადონ რუსეთს სირიის და ირანის გამო და ბისმარკისა და ჰიტლერის ოცნება განახორციელონ: სამუდამოდ წააჩხუბონ ერთი ხალხი - რუსები და უკრაინელები, რათა

"ძმამ ძმა მოკლას", ააოხრონ რუსეთის აკვანი - კიევის რუსეთი!

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რაზეც პრეზიდენტი იანუკოვიჩი არ წავა. საგანგებო მდგომარეობის დროს ხომ დაზარალდება უკრაინელი ოლიგარქების, მათ შორის - არცთუ უმწიკვლო ბექგრაუნდის მქონე ოლიგარქ იანუკოვიჩის ფინანსური ინტერესები.

«Quod licet Jovi, non licet bovi»  (“რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს”) - იანუკოვიჩმა თავი პუტინად წარმოიდგინა და მაგრად შეეშალა, როცა ციხეში გამოკეტა (თუნდაც დამსახურებულად) ტიმოშენკო. მერე კი ტრენდი "გამოეპარა", როცა პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა. და როცა იანუკოვიჩი "აზრზე მოვიდა", მიუხედავად იმისა, რომ ტიმოშენკო სულაც არ არის ხოდორკოვსკი, უკვე მეტისმეტად გვიან იყო - ევრომაიდანი ცეცხლში იყო გახვეული! აზაროვის გადადგომის შემდეგ იანუკოვიჩს არც პოტენციალი აქვს და არც მორალური უფლება, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს, მითუმეტეს, რომ უკრაინის მოსალოდნელი დაშლა არანაკლებ სისხლიანი იქნება, ვიდრე საქართველოსი.

და საერთოდ, როცა ოლიგარქები თავიანთ ბექგრაუნდს ივიწყებენ და სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები ხდებიან  ან ცდილობენ გახდნენ, ისინი ყოველთვის ცუდად ამთავრებენ - როგორც ხოდორკოვსკი და ტიმოშენკო, ანდა ძალიან ცუდად - როგორც ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოდურია დასავლეთის მიბაძვა, მაგრამ ჩვენთან ავიწყდებათ, რომ მორგანები, როტშილდები და როკფელერები არ ცდილობდნენ პრეზიდენტობას - მათთვის საკმარისი იყო თავიანთი მილიარდებით გავლენა მოეხდინათ პოლიტიკოსებზე. "მოქალაქე" ივანიშვილმა, როგორც ხედავთ, ეს გაითვალისწინა, ამიტომ ერთი წლის შემდეგ უკვე წავიდა პოლიტიკიდან, ხოლო დაეხმარება თუ არა სუფთა ბექგრაუნდის მქონე პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს და ჟურნალისტებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ყველას ყიდვას დაიწყებს, როგორც უკვე არაერთხელ მოხდა, ამას დრო გვიჩვენებს.

ესაუბრა გამიდ გამიდოვი