საზოგადოება
2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

1-gawveva-saz-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვია და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ცნობისათვის, 2013 წელს ჯამში 10 000-მდე წვევამდელი იქნა გაწვეული, რითაც სრულად დაკმაყოფილდა ძალოვან უწყებათა მოთხოვნები.

2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა, საქართველოს მთავრობის 7 თებერვლის N136   დადგენილების შესაბამისად, 10 თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 2582 წვევამდელის გაწვევა მოხდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითითებულ ვადაში გამოცხადდეს.

2582 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს  შინაგან სქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა რაოდენობა 1200  წვევამდელით განისაზღვრა; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 782 წვევამდელით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გასაწვევი მოქალაქეების რაოდენობა 600 წვევამდელით განისაზღვრა.

წვევამდელთა ჩარიცხვა ძალოვან უწყებებში დღეიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე გასტანს.