უცხოეთი
კიევში შეტაკებებისას 20 კაცზე მეტი დაიღუპა

1-kievi-zarub-1საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. კიევში ქუჩის შეტაკებებისას დღე-ღამის განმავლობაში დაღუპულთა საერთო რიცხვი 20-ს აღემატება, თუმცა ზუსტი რაოდენობა აქამდე უცნობია.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში 18-19 თებერვალს მილიციის 9 თანამშრომელი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრომ 18 თებერვლის 23 საათის მდგომარეობით, მასობრივი პროტესტების 11 მონაწილის დაღუპვა დაადასტურა. ჰოსპიტალიზებულია 114 ადამიანი.

თუმცაღა ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები რამდენიმე დემონსტრანტის დაღუპვის შესახებ, რომელთა ცხედრები მიხაილოვის მონასტერში ესვენა, სადაც საველე ჰოსპიტალი იყო მოწყობილი.

სხვადასხვა შეფასებით, დაჭრილთა რიცხვი ათასამდე აღწევს.

შეგახსენებთ, რომ საშაბათს, 18 თებერვალს, კიევის სამთავრობო კვარტალში სასტიკი შეტაკებები მოხდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და შსს-ს ძალებს შორის. 19 თებერვლის დილას შეტაკებები განახლდა.

კიევში, მეტროსადგურ „კრეშჩატიკთან“ ორი დემონსტრანტის გვამი აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული 1960 წელს დაბადებული ქართველი ზურაბ ხურციაა, მეორე - შუა ხნის ქალია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.