დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 162 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საზეიმო მიღება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ახალი პროდუქტი – სასმელი "დავით სარაჯიშვილი" იქნება წარმოდგენილი. ახალი სასმელი ორი უძველესი სპირტისგან არის დამზადებული, რომელთა შექმნაში 1893 და 1905 წლებში თავად სარაჯიშვილი მონაწილეობდა.
ბოთლი "მოზერის" ქარხანაში უძვირფასესი ბროლისგან არის დამზადებული და პლატინით არის დეკორირებული.
ღონისძიება დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს- და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს, ასევე კულტურის მოღვაწეებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დავით სარაჯიშვილი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლი იყო. 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა ამიერკავკასიასა და რუსეთის იმდროინდელ იმპერიაში კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.