საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონი ფედერალური კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ აღიარეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ კანბერაში მიღებული კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ ეწინააღმდეგება 1961 წლის ფედერალურ კანონს, რომელიც ქორწინებას განმარტავს, როგორც კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.სასამართლოს აზრით, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია ქვეყნის პარლამენტის კომპეტენციაში შედის. ავსტრალიის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 2012 წელს განიხილა და არ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე 2013 წლის 22 ოქტობერს მიიღეს და 2013 წლის 7 დეკემბერს ამოქმედდა. აღნიშნული ტერიტორია ავსტრალიის პირველ რეგიონად იქცა, რომელმაც ამგვარი ქორწინებების ლეგალიზება მოახდინა. როგორც უწინ იტყობინებოდნენ, ავსტრალიის დედაქალაქში კანონის ამოქმედებისთანავე 27 ერთსქესიანი წყვილი დაქორწინდა. ახლა ყველა ეს ქორწინება ანულირებული იქნება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი, რომელიც წელს აირჩეს, დაპირებას იძლევა, რომ ხელს შეუშლის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
დღეს ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, სკანდინავიაში, ბრაზილიასა და ახალ ზელანდიაში. აშშ-ში, მექსიკასა და დიდ ბრიტანეთში ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია რეგიონულ დონეზე.