საპარლამენტო უმცირესობის ძირითადი შენიშვნა და პრეტენზია უკავშირდება საარჩევნო გარემოს. „ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული რეალობა, როდესაც დუშეთში და ხონში დაკავებული არიან "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენლები, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ გამგებლების არჩევნებში. ამ პირობებში რა ნორმაც არ უნდა ჩაიწეროს კანონში, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს ის ფრაზები, რაც 50-პროცენტიან ბარიერს უკავშირდება საერთოდ არ არის რელევანტური. ამიტომ ჩვენი შენიშვნა არის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ძალიან დიდი ჩრდილი უკვე მიადგა", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე არჩევნების თარიღი დანიშნული არ არის, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაძლებლობა, გამოძიება აწარმოოს.
არასამთავრობო სექტორის შენიშვნები, ძირითადად, უკავშირდებოდა საარჩევნო სიებს და იმას, რომ საინიციატივო ჯგუფს აღარ ექნება შესაძლებლობა, წარადგინოს გამგებლის და მერობის კანდიდატები.