სამართალი
მერაბიშვილი მოსამართლეს: „ენა ნუ შემაჩვიეთ“

1-vania-samarT-3საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაიკითხებიან საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, ვანო მერაბიშვილის  ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მერიის ყოფილი პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა. "ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები", - განაცხადა მერაბიშვილმა მას შედეგ, რაც პროკურორის მხრიდან უტიაშვილის მისამართით დასმული კითხვის რეპლიკაზე მოსამართლის შენიშვნა მიიღო. მერაბიშვილმა მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სასამართლოს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა.

უტიაშვილმა 2011 წლის 26 მაისის აქციამდე განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნინო ბურჯანაძის ინიცირებული აქციები შედიოდა გრუ-ს ინტერესებში. ამასთან, შს სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და თავისი რაზმით საქართველოში შემოსვლას გეგმავდა.

უტიაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით და ოქრუაშვილის ინტერესის შესაბამისად, ამერიკის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, იგეგმებოდა ქუჩის გადაკეტვა, რათა ოქრუაშვილი თავისი რაზმით შემოსულიყო ქალაქში და სწორედ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შს სამინისტროში შეიქმნა სპეციალური შტაბი 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, რუსთაველის მომიტინგეებისგან გაწმენდა 2-3 წუთში მოხდა.

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.