პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა არა მარტო ავღანეთში, არამედ აფრიკაშიც უნდა იომონ!

1-usupaSvili-polit-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მხრიდან მალის ოპერაციაში მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ყურადღების სწორი პასუხი იქნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს გარკვეული ღონისძიებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი გამოვლენილი ყურადღების სწორი პასუხი იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ წუთის მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობაა და, მართალია, ამას ძნელია მშვიდობა ვუწოდოთ, მაგრამ ესეც დიდწილად ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამსახურებაა. ჩვენ იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც ქვეყანას აქვს, ვთხოვთ ხოლმე სხვებს მხარდაჭერას და ასეთ დროს მე ვთვლი, რომ ჩვენი საპატიო მოვალეობაა, მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში. აქ არ არის საუბარი საომარ ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, აქ სრულიად სხვა მისიაა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.