სამართალი
შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავა

dajgufebis-samart-1საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი: 1979 წელს დაბადებული მალხაზ ჯ., 1984 წელს დაბადებული შალვა გ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში გადაადგილებისას დააკავეს. მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია: „ა-კა-74“ მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 105 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, წებოვანი ლენტი, ხელთათმანი და 5 პლასტიკური ბორკილი.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (18-179 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).