საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილი: „თბილისის მერი თვითონ იყო ქურდი“

Sixa-saz-3საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. 12 თებერვალს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი მეორედაც ჩააგდო. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უარყოფითად შეაფასა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი ფინანსური აქტივების ხარჯზე გაზარდა და თუ მთავრობამ 100 მილიონი ლარის ქონება ვერ გაყიდა, ბიუჯეტი არ შესრულდება.

თბილისის მერიამ საკრებულოს ალტერნატივის სახით ბიუჯეტის პროექტში ყველა მუხლის 10%-ით შემცირება შესთავაზა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ეს შეთავაზებაც უარყო.

შიხიაშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიზანი ბიუჯეტის ხელში ჩაგდებაა.

"რომ იძახიან, მძინარე თბილისს მოპარეს მერი, საიდან მოდის ეს იდეები, არ ვიცი, მაგრამ მერი თვითონ იყო ბიუჯეტის ქურდი, ასეთი ბრალდება აქვს მას წაყენებული და ასეთი ბრალდების მქონე პირის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც შეუძლია, წლობით ხელი ეფათურებინა ბიუჯეტში და დაეფინანსებინა საკუთარი პარტია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა, მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი აცხადებდა, რომ თუ საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებდა და ირაკლი შიხიაშვილი თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა, მთავრობაც გადადგებოდა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში პირველად გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა. თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, საკრებულოს და მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდება.