საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილს, „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელ გოჩა თევდორაძეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი რადიოს ოფისთან სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 13 თებერვალს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. მანამდე კი მარგველაშვილის მიერ შოთა მურღულიას გათავისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა.
12 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა მერიაში სამსახურის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების შესარჩევი კონკურსის ჩაშლისა და საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობის ნაკლებობის გამო შოთა მურღულია თანამდებობიდან დაითხოვა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 18 თებერვალსაა დანიშნული. ამ სხდომაზე გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.