სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინოვნიკების არარეალურად მაღალი ხელფასით დაინტერესდა და ინიციატივით „აწარმოე ქართული“ გამოვიდა

Cinovnikbis-samart-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო „შპს“–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი. ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა.

პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, დროულად  მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება.

დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. „აწარმოე ქართული“ – ეს არის პრემიერ–მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას. პროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ჩატარდა კვლევები, მოხდა ანალიზი. ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის საჯარო უახლოეს პერიოდში გახდება.