აქტუალური
ირაკლი ალასანია: “2015 წლიდან საქართველო NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი გახდება“

alasaniaa-aqtual-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ირაკლი ალასანია: „ძალიან მადლიერი ვართ ნატოსი, რომ ხელს გვიწყობს ამ რეფორმების განხორციელებაში. განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, გარდა სამხედრო წვრთნების და ტრანსფორმირებისა, იყო დახმარება, რომელიც გაგვიწიეს ჩვენს ინიციატივებზე, უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გვქონოდა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე. ეს სწორედ ის რეფორმებია, რომლებსაც ახლა ნატო  გვირჩევს, რომ გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც არის დეფიციტი ამგვარი გამოცდილების.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს. თქვენ იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი. უკვე სპონსორი სახელმწიფოც შეირჩა საქართველოსთან ერთად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ მუდმივ მზადყოფნას ნატოელ სამხედროებთან ერთად, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრევენცია მოვახდინოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ახალ საფეხურზე ავიდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, ნდობა. სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობების მომავალი“.