საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
ლიდერებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.პირისპირ შეხვედრისას პრეზიდენტები პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს.
შეხვედრის დასრულებისთანავე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ქვეყნის პირველი პირი დღესვე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.