სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „რა უყო ფარცხალაძემ მერაბიშვილს, გააუპატიურა თუ ნამუსი ახადა?!“

samart-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის „გატაცებასთან" დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი გადამეტებულად და უსაფუძვლოდ შეაფასა.

"გირგვლიანი, რომელიც იყო გატაცებული და მოკლული, ამ საშინელი ფაქტის თანამონაწილე მერაბიშვილი ამბობს, რომ ის გაიტაცეს და ბუნებრივია, ეს აბსურდი და სასაცილოა. მე ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინას რიტორიკული შეკითხვა - რა მოხდა მერე, რომ ფარცხალაძემ გაიტაცა ვანო მერაბიშვილი, რა უყო ფარცხალაძემ მერაბიშვილს, გააუპატიურა თუ ნამუსი ახადა?! ეს სწორი შეკითხვაა, რა მოხდა მერე?! რატომ უნდა გაეტაცებინა, ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?! როცა ადამიანი რაღაცას იგონებს, ამის რაღაც ლოგიკური შინაარსი უნდა არსებობდეს. თუ კითხვა დაებადებოდა მთავარ პროკურორს, რატომ არ მივიდოდა თვითონ, რატომ გაიტაცებდა, რა გასატაცებელია ვანო მერაბიშვილი?!",- განაცხადა ღარიბაშვილმა.