პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა

polit-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილი: „უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო კმაყოფილება საქართველოში ნატოს კომიტეტის წარმატებულ ვიზიტთან დაკავშირებით და მადლობა გადავუხადო ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს სტუმრობისთვის. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი იმპულსია ჩვენი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. შეხვედრისას, საშუალება გვქონდა გვესაუბრა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი დაახლოების ფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ სფეროში მიღწეული პროგრესი, როგორც შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. საქართველო კვლავაც ადასტურებს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში.

ჩვენი შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონი 2014 წლის შემდეგაც განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, ჩაერთოს ISAF-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაციაში და სთავაზობს ალიანსს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ეს ყველაზე ოპტიმალური გზით განხორციელდეს.

ასევე, მსურს მადლიერება გამოვთქვა ალიანსის მიერ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროებში სათანადო შეფასებას მიიღებს ნატოს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში. ეს კი ხელს შეუწყობს  საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.

გმადლობთ.“