აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მოვედი სუფთა ხელებით და მინდა, სუფთა ხელებით წავიდე“

aqt-2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.

"ე.წ. ბრალდება, რომელიც მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩემს ნეპოტიზმთან დაკავშირებით, არის აბსურდული და სასაცილო, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მიერ დასმული ეს აბსურდული და უაზრო კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და მოსახლეობას არ გაუჩნდეს ეჭვი ჩემი გუნდის მიმართ, მე თავს ვთვლი ვალდებულად, რომ მათთვის განვმარტო. მე ამ განმარტებას არცერთ შემთხვევაში არ ვაკეთებ "ნაციონალური მოძრაობისთვის", მათ უბრალოდ არ აქვთ მორალური უფლება, რაიმე შეკითხვა დაგვისვან. მე აბსოლუტურად გამჭვირვალე ცხოვრების წესი მაქვს, ჩემს ირგვლივ ყველაფერი არის გამჭვირვალე. მე სხვა ცხოვრების წესით ვცხოვრობ და ასე მოვდივარ ჩემი შეგნებული ცხოვრება. ჩემს ირგვლივ არაფერია დამალული. თუ რაიმე გამაჩნია და რაიმე არსებობს ჩემს ირგვლივ, ყველაფერი არის გაცხადებული და საჯარო. მე არაფერი მაქვს დასამალი და თუ ოდესმე რაიმე მექნება დასამალი, დავიხურავ ქუდს და წავალ. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი მოქალაქეებისადმი, ვისაც შეიძლება რაიმე კითხვა გაუჩნდეს. არცერთი კითხვის არ მეშინია, იმიტომ რომ მოვედი სუფთა ხელებით და მინდა, სუფთა ხელებით წავიდე. ეს არის მთავარი ამოცანა ჩემთვის, რომ ისე ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, რომ არცერთი კითხვა არ დავტოვო", - განაცხადა პრემიერმა.