ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ლოიალ ისთეითის“ კუთვნილი მიწა, რომელზეც კომპანიას საერთაშორისო კლასის სასტუმრო „პარკ ჰაიათი“ უნდა აეშენებინა, გაყიდულია. რესტორან „არაგვის“ ყოფილი ტერიტორია 2009 წელს ჯერ „თიბისი ბანკის“, ხოლო ამჟამად „უძრავი ქონების მართვის ფონდის“ საკუთრებაშია.
ამასთან, მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის „პარკ ჰაიათის“ თბილისური სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
სასტუმროს მშენებელ „ლოიალ ისთეითს“ პროექტის დაფინანსების პრობლემა „ოპიკის“ შემდეგ „იბიარდისგან“ შეექმნა. საინვესტიციო კომპანიამ სასტუმრო „ჰაიათის“ მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები 2007 წელს დაიწყო. მაგრამ 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა. მშენებლობის დასრულება 2010 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ მიწის სამუშაოებია ჩატარებული. პროექტის საერთო ღირებულება თავდაპირველად 150 მილიონი დოლარი იყო, კრიზისის მიზეზით ის ჯერ 100, ხოლო შემდეგ 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა.