საზოგადოება
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 11 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის უწყებათშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
აღნიშნული საბჭო მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილების თანახმად შეიქმნა და ამავე დადგენილებით დაევალა 2014 წლის 1 მარტამდე შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიის სამუშაო ვერსია და დაისახა ძირითადი პრიორიტეტები. მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება, რომელზეც საბოლოოდ შეჯერდება შესაბამისი უწყებების წინადადებები. აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.