სამართალი
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გეგუთის კოლონიაში ვითარება უცვლელია. პატიმრების ახლობლები და ნათესავები ამ დრომდე შენობის გარეთ რჩებიან და მსჯავრდებულებთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პატიმართა პროტესტს შეუერთდებიან და შიმშილობას დაიწყებენ.
გეგუთის კოლონიაში 800 პატიმარი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს, მათმა ნაწილმა გუშინ თვითდაზიანებებიც მიიყენა. მსჯავრდებულთა განცხადებით, ადმინისტრაცია მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. ისინი დამნაშავეების დასჯას და ციხეში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.გეგუთის №14 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან წუხელ ხმაური იყო. პატიმართა ახლობლების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში პატიმრები ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავდათ.
„ყოველ 10 წუთში გაჰყავთ ნაცემი და დასახიჩრებული პატიმრები სასწრაფოს მანქანებით. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, 500 – 600 ადამიანი ვართ ციხესთან და ვითხოვთ დირექტორთან, კახა ბებიასთან შეხვედრას თუმცა ჩვენი თხოვნა იგნორირებულია. ერთი პატიმრის მეუღლე შევიდა ციხეში და გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მისი მეუღლე ნაცემია. ჩვენი ინფორმაციით, 450-მდე პატიმარს აქვს დაზიანებები მიყენებული“, - განაცხადა ერთ-ერთი პატიმრის ნათესავმა.