აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „ამერიკელი კონგრესმენების წერილის გამოქვეყნება საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა“

fanCi-akt-3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენების მიერ ჯონ ქერისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, საუბარი იყო იმაზე, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, ანუ მაპი. მას შემდეგ გავიდა 6 წელი. საქართველოს აქვს ორი ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი, ეს არის წლიური ეროვნული გეგმა და ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ინტენსიურად მუშაობს. მის ბოლო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა და ამ კომისიის სხდომამ ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ იმ კონგრესმენების ნაწილთან, რომლებიც ხელს აწერენ ამ წერილს, ჩვენ შეხვედრა გვქონდა მიუნხენში. ეს იყო დაახლოებით, 20-კაციანი დელეგაცია და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აწუხებს, განხილული იყო ამ შეხვედრაზე. გარდა ამისა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, მათი უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს პირველად შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან მალე ასეთი წერილის გამოქვეყნება საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა და იმედი გვაქვს, რომ იმ სულისკვეთებით, როგორითაც ეს წერილია დაწერილი, ჩატარდება ეს სამიტი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.