სამართალი
რა ხდება გეგუთის კოლონიაში

cixeსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. გეგუთის კოლონიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც დეპუტატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შედიან, სიტუაცია ადგილზე შეისწავლა და იმ პატიმრებსაც შეხვდა, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ, რასაც შემდეგ პატიმრების პროტესტი და შიმშილობის აქცია მოჰყვა.

გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეხუთე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლისა და  პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 100-მდე პატიმარი შიმშილობს. მათი თქმით, საპატიმროში დირექტორად ციხის ის მმართველი დააბრუნეს, რომელიც “ნაციონალების“ დროს პატიმრებს სასტიკად აწამებდა და სცემდა.

7 თებერვალს ღამით ციხის შენობასთან პატიმრების მშობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მსჯავრდებულები სასტიკად ნაცემები იყვნენ. ამასთან, გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმებოდა.

10 თებერვლის ღამით კი გეგუთის კოლონიიდან ათობით პატიმარი, რომლებსაც თვითდაზიანება ჰქონდათ მიყენებული, ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაწესებულებიდან სულ 17 მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი კოლონიაში უკვე დაბრუნებულია. ამასთან, მსჯავრდებულთა ახლობლების განცხადებით, მათ პატიმრებისგან იციან, რომ კოლონიაში 300 მსჯავრდებულია დაშავებული.

საგულისხმოა ასევე, რომ ომბუდსმენის რწმუნებული გიორგი ლაბაძის თქმით, დაწესებულებაში თვითდაზიანება 46 პატიმარს აქვს მიყენებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით, კი თვითდაზიანება 17-მა პატიმარმა მიიყენა.

გეგუთის ციხესთან დაკავშირებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი შეისწავლის.