საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს გააჩნია ვალდებულება, კლიენტის თანხმობის გარეშე არ გასცეს მის შესახებ კონკრეტულ ბანკში არსებული ინფორმაცია.
მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი კლიენტის თანხმობის გარეშე სხვადასხვა სუბიექტს გადასცემს კლიენტის შესახებ მასთან არსებულ ინფორმაციას, რომელიც, ერთის მხრივ, წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას, ხოლო მეორე მხრივ - პერსონალურ ინფორმაციას.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით აქტიურად მომართავენ მოქალაქეები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია საქართველოში მოქმედი ბანკების მხრიდან. კერძოდ:- ბანკები კლიენტის თანხმობის გარეშე მუდმივად აწოდებენ კლიენტების შესახებ მათთან არსებულ ინფორმაციას სს „კრედიტინფო საქართველოს“;
- დავალიანების ამოღების მიზნით, ბანკები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა იურიდიულ პირს და კლიენტის თანხმობის გარეშე აწვდიან მათ კლიენტის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას;
- ბანკები არ ახორციელებენ ხანდაზმული მოთხოვნის ჩამოწერას.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას არ აქვს უფლება ვინმე დაუშვას ან/და ვინმეს გადასცეს ბანკის კლიენტის შესახებ მასთან არსებული ინფორმაცია.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოში მოქმედ კერძო ბანკებს და მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ერთ–ერთი ფუნდამეტური უფლება – პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა. ამასთან, მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღებით გაეცნონ ბანკებთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებს. ორგანიზაცია მიმართავს „საქართველოს ბანკების ასოციაციას“ და მოითხოვს, ეფექტური გახადოს მოქალაქეებსა და ბანკებს შორის არსებული უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება.
სწორედ საქართველოში მოქმედი ბანკების დაუდევრობისა და „დაკანონებული“ პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ფაქტების შედეგად გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მოვალეთა რეესტრში, 2014 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, 110470 მოქალაქე ირიცხება. იქიდან გამომდინარე, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცული არ არის გამოცალკევებით კრედიტორების – კომერციული ბანკების სასარგებლოდ განხორციელებულ წარმოებათა შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები, ორგანიზაცია ეთანხმება ექსპერტულ წრეებში გამოთქმულ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული 110470 მოქალაქიდან უმრავლესობა სწორედ ბანკებთან ურთიერთობის დროს დაზარალებული მომხმარებელია.
ორგანიზაციის მოქალაქეთა ადვოკატირების ჯგუფის 2014 წლის მონაცემით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბანკებთან სამართლებრივი დავა გააჩნიათ. ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს, რომ ყველაზე ხშირად, მოქალაქეები „ლიბერთი ბანკს“, „ვითიბი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ უჩივიან. ორგანიზაციას აღნიშნული ბანკების მიმართ კონკრეტული საქმეები გააჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, უახლოეს პერიოდში, საკითხზე: „ბანკების მიერ საბანკო და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის ხარისხი საქართველოში“ მონიტორინგის განხორციელებას გეგმავს. შემუშავებული რეკომენდაციები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. გამორიცხული არ არის, მომზადდეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცულობას უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.