პოლიტიკა
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. რეალობა ისაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ს ეთერში გააკეთა.
"რეალობა ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაა და ეს საქართველოა. ოკუპირებული რეგიონები ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ჩვენს მიწას ვიზიარებთ აფხაზებთან და ოსებთან და მომავალშიც ასე იქნება", - უპასუხა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტმა უკრაინის მოვლენებიც გაიხსენა და საქართველოს პრემიერს ჰკითხა, რაკიღა საქართველოსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება, ელოდება თუ არა იგი მოსკოვისგან ასეთსავე ზეწოლას, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა მიუგო:
„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ქართველების ევროინტეგრაცია არ არის საფრთხე და რისკი მისთვის. თვითონ რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული, სტაბილური, სანდო და პროგნოზირებადი მეზობელი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში“.