პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია, რომელიც სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული

polit-2-cerovaniსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა და კომპლექსში არსებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნო. გიორგი მარგველაშვილი იქ მყოფ სამხედროებს გაესაუბრა და თითოეულ მათგანს პორტატული კომპიუტერი გადასცა. სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებმა კი საჩუქრები თავდაცვის სამინისტროს სახელით მიიღეს.

ცნობისთვის: რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადაეცა.

ამჟამად, რეაბილიტაციის კურსს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული 10 სამხედრო მოსამსახურე გადის, რომლებიც წეროვანში ოჯახებთან ერთად იმყოფებიან. კომპლექსში, რომელშიც ორი შენობაა კეთილმოწყობილი, დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.  მათ ასევე ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო.

შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი მასპინძლობდნენ.