აქტუალური
“გვერდით გყავთ თურქეთი, სადაც დღითი დღე იზრდება მოთხოვნა” - საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა

aqtual-3-sapartnioroსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორი რომან მატკივსკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში,  საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმარს გააცნო ფონდის სტრუქტურა და პრიორიტეტული სექტორები. „ფონდი საქართველოს მთავრობამ 2 წლის წინ დაარსა და მისი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და მეორე მხრივ, მართოს სახელმწიფო სტრატეგიული აქტივები“, - განაცხადა კოვზანაძემ და  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე.

„უკვე დავიწყეთ 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბისაა

და 50%-ით უფრო ენერგოეფექტური იქნება  ქვეყანაში არსებულ სხვა თბოელექტროსადგურებთან შედარებით. სადგური ექსპლატაციაში შევა 2015 წლის ბოლოდან და წელიწადში გამოიმუშავებს 1.8 მილიარდ კილოვატსაათს“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

მატკივსკის თქმით, მისი ბანკი დაინტერესებულია საქართველოთი და სამუშაო ვიზიტის მიზანიც სწორედ ადგილზე ბიზნეს გარემოს შესწავლაა. „ვფიქრობ, ენერგეტიკულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ თქვენი ქვეყნის განვითარებაში. რადგან თქვენ ძალიან კარგი მდებარეობა გაქვთ, გვერდით გყავთ თურქეთი, სადაც დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ამდენად, ჰიდროპროექტების განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ“. - აღნიშნა მატკივსკიმ.