აქტუალური
საქართველოში იქმნება კოსმოსური კვლევებისა და გამოყენებითი ტექნოლოგიების საერთაშორისო ინსტიტუტი „ომეგა“ (საქინფორმის ექსკლუზივი)

anal-akt-1-omegaსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ეგიდით საქართველოში იქმნება კოსმოსური კვლევებისა და გამოყენებითი ტექნოლოგიების საერთაშორისო ინსტიტუტი „ომეგა“. ინსტიტუტის საქმიანობა დაფუძნებული იქნება პარტნიორულ ურთიერთობებზე პროფილირებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, მკვლევართა ჯგუფებთან და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ცალკეულ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან.

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამეცნიერო - საბუნებისმეტყველო დარგის  მეცნიერებათა ფართო დიაპაზონის კვლევები

2. საწარმო - სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყო-დანადგარების დაპროექტება-დამზადება

3. სასწავლო - სპეციალური სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების მოწყობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის; ცენტრის ამოცანების შესაბამისი პროფილირებული სპეციალისტების მომზადება.

ინსტიტუტში იქმნება სამეცნიერო ფონდი, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში შესრულებული და მიმდინარე სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების მონაცემებს. მათი ნაწილი გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ გამოცემებში საზღვარგარეთ. ამ მიმართულებით უკვე ყალიბდება საქმიანი ურთიერთობა რუსეთის (მოსკოვი) ცნობილ გამომცემლობასთან „სამეცნიერო ტექნოლოგიები“ («Научные технологии»), რომელიც გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებსა და მონოგრაფიებს და რეგულარულად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს.

რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ გამომცემლობასთან გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი შეითავსებს „სამეცნიერო ტექნოლოგიების“ რეგიონული წარმომადგენლის ფუნქციას სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). ამავდროულად განიხილება წარმომადგენლობის გაფართოების საკითხი თურქეთისა და ირანის მიმართულებით.