აქტუალური
კახა კალაძე: „ხუდონჰესის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება“

1-xudoniსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ხუდონჰესის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გუშინ ხაიშში მთავრობის წევრებისა და მოსახლეობის შეხვედრას გამოეხმაურა. ადგილობრივები ხუდონჰესის სანაცვლოდ ხელისუფლებას ალტერნატიული მიკროჰესების მშენებლობას სთავაზობენ.

მცირე და საშუალო ჰესები მომგებიანი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულის პერიოდშია.ზამთარში ვერ ამუშავებ, რადგან წყლის ნაკლებობაა. ამიტომ ეს დიდი ჰესი იმისთვის არის, რომ შესაძლებლობაა, წყალი დააგროვოს და მოახდინოს შესაბამისი გამომუშავება.

ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და ამ პროექტის განხორციელება ყველა იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. იქნება მაქსიმალურად დაცული, ამის გარანტი ვიქნები პირადად მე, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლებ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ხაიშში ხუდონჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლების მხრიდან უხუცესებთან მოსალაპარაკებლად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. ხაიშელები პოზიციის დათმობას არ აპირებენ. მომდევნო შეხვედრა 20 თებერვალსაა დაგეგმილი. სუბარის განცხადებით, უახლოეს დღეებში ხაიშელებთან ჩასვლას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გეგმავს.