საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1-sazogad-3-euსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს  სამოქმედო გეგმის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის.

მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს ინტენსიურ თანამშრომლობაზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ამოცანებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო  თვითმმართველობის  რეფორმას, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებს.

სამოქმედო გეგმა საფუძველს უყრის  შეთანხმებულ მოქმედებას პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის რეფორმის გაძლიერება.

შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება ე.წ. სასაზღვრო ზოლის დროებითი გაფართოებისა და მავთულხლართების აღმართვის პროცესის გამო.