2013 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე, ანუ 2012 წელთან შედარებით 34 კილომეტრით მეტ მონაკვეთზე მიმდინარეობდა. გზის საფარი მოეწყო 28,4 კილომეტრზე, ხოლო მოძრაობა გაიხსნა 15,4 კილომეტრზე, ეს მაშინ, როცა 2012 წელს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მხოლოდ კილომეტრნახევარი გზა გაიხსნა. მთლიანობაში, 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 260 კილომეტრ გზას, ანუ 60 კილომეტრით მეტს, ვიდრე შარშან, 45 ხიდს (შარშან მათი რაოდენობა 28 იყო) და 5 გვირაბს, მაშინ, როცა შარშან მხოლოდ 2 გვირაბი რეაბილიტირდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოაქვეყნა და სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა ფაქტები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებებს ადასტურებს.
მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ, თუ როგორ „აშენებდნენ“ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნები ქვეყანას:
1. საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ თავის კუთვნილებაში არსებულ ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთები კერძო კომპანიებს მიზერულ ფასად მიჰყიდა და შემდეგ უკან მაქსიმალური ფასით გამოისყიდა, რამაც ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა;
2. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები საბაზრო ფასებზე ორჯერ და ზოგჯერ უფრო ძვირად ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს;
3. მნიშვნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში;
4. სახელმწიფო ამა თუ იმ ქალაქის რეაბილიტაციის საფარის ქვეშ ხელყოფდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამის ნათელი მაგალითებია თელავში, დართლოში, დავით გარეჯსა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ზონებში.
5. ყველაზე მთავარი და უმძიმესი დანაშაული, რომელსაც სახელმწიფოს მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ, არის კონტრაქტორ კომპანიებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, რომელთა შესახებ დღეს უკვე აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
მთლიანობაში, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამართალდამცავ ორგანოებში 20-ზე მეტი საქმე გადააგზავნა. მომდევნო კვირიდან სამინისტრო თითოეულ ამ ფაქტს, თუ როგორ ხდებოდა „ქვეყნის შენება“ ნაციონალურად, საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენს.