აქტუალური
ლერი ხაბელოვი: „მედლებზე ილუზიები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი სპორტსმენები კარგ შედეგებს აჩვენებენ“

1-qart-soCiსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. დღეს დილით საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. ისინი სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააცილა და წარმატებები უსურვა. ოლიმპიადაში სულ 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიანიძე. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი მათ მოგვიანებით, კანადიდან შეუერთდება.

სოჭში უკვე იმყოფებიან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი  და გენერალური მდივანი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა იყო ოლიმპიდაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასპროცენტიანი შემართებით მივდივართ ოლიმპიადაზე“, - აღნიშნა ოლიმპიური ნაკრების წევრმა იასონ აბრამიშვილმა.

„მივდივართ დადებითი ემოციებით და ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და წარმატებით დავბრუნდეთ უკან“, - განაცხადა ნინო წიკლაურმა.

სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება.

„ჩვენი სპორტსმენები ალბათ მაქსიმუმს აჩვენებენ, რაც აჩვენეს წინა შეჯიბრებებში. ჩვენ მედლებზე არ გვაქვს ილუზიები, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგ შედეგებს აჩვენებენ და გააუმჯობესებენ თავის მონაცემებს“, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა.