„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი მიწვეულია ოფიციალურად სოჭის ოლიმპიადაზე. სამწუხაროდ არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის სრულიად უცნობი ხელმძღვანელის ეს განცხადება ძალიან სწრაფად აიტაცა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა და გააკეთეს ძალიან სწრაფად გაუაზრებელი, ძალიან ნაჩქარევი განცხადებები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სოჭში მიწვეულნი არიან ოფიციალურად მხოლოდ იმ ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომლის თქმითაც, "ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასან დაკავშირებით სწორია“.
მისივე თქმით, თუ საქართველოს გუნდს სოჭში დახვდება ამ განცხადებებისგან განსხვავებული რეალობა, ოფიციალური თბილისი იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება ქართველი ოლიმპიელებისა და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად.