აქტუალური
შსს-მ 2003 წელს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გახსნა

1-aqtual-2-danaSauliსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა 2003 წელს ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1969 წელს დაბადებული გოჩა მ. და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მე-7 სამმართველოს უფროსი, 1968 წელს დაბადებული მინდია არაბული დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულის თანამონაწილეები – 1978 წელს დაბადებული მამუკა ჩ. და 1971 წელს დაბადებული, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში პატიმრობაში მყოფი რევაზ გ. ამხილეს.

მინდია არაბულმა განიზრახა თავისი მეგობრის, დავით ჩხეიძის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. ამისთვის იგი დაუკავშირდა გოჩა მ-ს, მამუკა ჩ-ს და რევაზ გ-ს, გაანდო მათ დანაშაულებრივი განზრახვა და შესთავაზა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ იმჟამინდელ შსს-ს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის საკადრო რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, 1961 წელს დაბადებულ დავით ჩხეიძეს, დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ფულს და შემდეგ გაენაწილებინათ თანხა ერთმანეთში, რასაც ისინი დათანხმდნენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მინდია არაბულმა თანამზრახველებს შეატყობინა, რა დროს და რა ადგილას იქნებოდა დავით ჩხეიძე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დიდი ოდენობით თანხა. 2003 წლის 3 დეკემბერს, მინდია არაბულის დავალებით, გოჩა მ., მამუკა ჩ. და რევაზ გ. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ დავით ჩხეიძეს. შემთხვევას შეესწრო საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, 1976 წელს დაბადებულ ირაკლი ბასილაშვილი. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დავით ჩხეიძეს 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ირაკლი ბასილაშვილს „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი გასტაცეს. დაყაჩაღებისას გოჩა მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბასილაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე.