12 და 14 ნოემბერს თბილისსა და მირზაანში ფიროსმანობა აღინიშნება. ხვალ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ფერმწერი და გრაფიკოსი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ფიროსმანის გარემო“. კვირას, 14 ნოემბერს, 12:00 საათიდან, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სახალხო ზეიმი ფიროსმანობა დაიწყება.
დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის - თამაზ კირვალიძის ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები.მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, იქნება კახური სტუმარ-მასპინძლობა. ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა საქინფორმთან საუბრისს განაცხადა, რომ მუზეუმში ფიროსმანის ნაცნობ ნახატებთან ერთად, კერძო კოლექციიდან ახალი ექსპოზიციის გამოფენაც მოეწყობა. „საინტერესო გამოფენა იქნება. შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ფიროსმანის მიერ დახატული ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტი, ავტოპორტრეტი და სხვა ნამუშევრები“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.