გაისად თბილისში თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი გაიხსნება. აპრილში კი საქველმოქმედო კონცერტი იგეგმება, რომელზეც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მომღერალი თამარ გვერდწითელი უწმინდესის საგალობლებს შეასრულებს.
საქინფორმი ქალბატონ თამარ გვერდწითელს ფილარმონიაში ანსამბლ „მზიურის“ კონცერტის დასრულების შემდეგ ესაუბრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
- ანსამბლ „მზიურს“ ვარსკვლავი გაუხსნეს, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– „მზიურის“ ვარსკვლავის გახსნა ჩვენი ღვაწლის მაღალი შეფასებაა. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგაც ხალხს ახსოვს და უყვარს „მზიური“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ვარსკვლავი იმ ადამიანების ვარსკვლებების გვერდით არის, რომლებიც ლეგენდები არიან. „მზიურის“ ყველა თაობა კარგია, მაგრამ პირველი მაინც განსაკუთრებულია.
- არის თუ არა „მზიურის“ დამსახურება, რომ დღეს თქვენ ასეთი წარმატებული მომღერალი ხართ?
- უდავოდ დიდი დამსახურებაა. „მზიურში“ ძალიან დიდი სკოლა გავიარე და ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დედაჩემს, რომელმაც „მზიურში“ მიმიყვანა და ის ბედნიერი ბავშვობა მაჩუქა, რაც გამოვიარე. მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩემი სიმღერა სწორედ დედაჩემს ეძღვება.
- თქვენ, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხართ. ამდენი წლის შემდეგ, ხომ არ გაგიჭირდათ ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა?
- ასეთი დიდი პაუზის შემდეგ, შეხვედრა ძალიან, ძალიან რთულია, რადგან არ იცი, მსმენელს რა რეაქცია ექნება. როდესაც ფილარმონიის სცენაზე გამოვედი და სოლო სიმღერა შევასრულე, ძალიან ვღელავდი და ეს შემეტყო კიდეც. არ ვიცოდი, მსმენელს რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ, როცა სიმღერას მოვრჩი, ემოცია ვეღარ შევიკავე, რადგან მთელი დარბაზე ფეხზე იდგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს მიკრავდა. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წუთები. ბედნიერი ვარ, რომ სცენაზე, რომელზეც ფეხი ავიდგი და პირველი სოლო კონცერტი გავმართე, 20 წლის შემდეგაც ასეთი აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს. ალბათ, უანგაროდ რომ ვემსახურები მუსიკას, მსმენელმა დამიფასა.
- რას ფიქრობთ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობაზე და, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის დათბობა?
- მართლა ძალიან ცუდია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მე მაინც მგონია, რომ ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობა მალე გამოსწორდება და ამ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდება. მიმაჩნია, რომ ამაში დიდი როლი მუსიკამ და ხელოვნებამ უნდა ითამაშოს. ყველას მინდა ესმოდეს, რომ მე ვარ მომღერალი თამარ გვერდწითელი, რომელიც ჯილდოებსა და პრემიებს იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ მომღერალი. ყველამ იცის, რომ მე პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.
- „მზიურის“ კონცერტზე დავით ოქიტაშვილმა გამოაცხადა, რომ მალე თქვენი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნება. როგორც ვიცით, ეს თქვენთვის სიურპრიზი იყო.
–დიახ, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ორმაგად გახარებული ვარ, რომ ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ აკურთხა. ბედნიერი ვარ, რომ ქართველ ერს ვუყვარვარ და მაფასებს.