აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ არ ვიცოდით, როგორ აგვერჩია და შემდგომ როგორ გვეკონტროლებინა ხელისუფლება“

1-ver-viswavlet-akt-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მოკლე წარდგინების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისი ოცნება იყო „თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა“ და ამ ოცნების ასრულებისთვის მას პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლამ მოუწია.

„თავისუფალი მოქალაქეობაა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია მოქალაქე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, ქართველი საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მაინც რჩება ის, რომ „ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება“.

„ჩვენ არ ვიცოდით, როგორ აგვერჩია და შემდგომ როგორ გვეკონტროლებინა ხელისუფლება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განმარტებით, სწორედ ეს იყო მოჯადოებულ წრეზე 20-წლიანი სიარულის მიზეზი.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება. პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, ვინ ავირჩიოთ და რატომ... ადამიანი, რომელსაც საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ქვეყნის აშენებას გვპირდება, ოქროს კოშკებს გვიხატავს, ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნია და მის ბიოგრაფიას თუ გადახედავ, ხელმოცარული იყო უმეტესწილად, და როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა გვესაუბრებოდეს ის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ისევე, როგორც არ უნდა ვეძებოთ მუდამ უმწიკვლო, შეიძლება ვერ იყოს „გელოვანი“,  შეიძლება მას ჰქონდეს ნაკლი, შეიძლება არ იყოს ზეადამიანი, მაგრა ჩვენ არსებული რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.