საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, რის შემდეგაც მხარეები მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროპის საშინაო საქმეების კომისარ სესილია მალმსტრომს, ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს. ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე, ის, ასევე, მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზე.
ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას - ტელეკომპანია BBC-ს, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-ს, ასევე REUTERS-ს, EURONEWS-ს, WSJ-ს და LE MONDE-ს.