აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
1-ban-ki-muns-akt-1საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს როლის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მათ შორის, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის პირობებში.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. პრემიერის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სტაბილურობას, ისე ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას.