საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს და ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
1-euto-saz-2-mtსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ა.წ. 31 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლამბერტო ზანიერთან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების ფაქტებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს სამთავრობო სტრატეგიაზე და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეუთოს ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ამ მიმართულებით საქარველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
იმავე დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპესთან.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განუხრელად იცავს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ისაუბრეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, 2014 წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

1-euto-saz-2-1