აქტუალური
ვანო მერაბიშვილი: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის! მინდა ჩემი ოჯახის წევრებს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს…“

1-atirda-akt-2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ქუთაისის სასამართლოში გუშინდელ პროცესზე ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ატირდა.

„ჩემს გამო ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ზეწოლას. ჩემს გამო ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ ყოველდღიურ ზეწოლას, მთელი 9 წლის განმავლობაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ წყდება დღესაც. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ემოცია შვილის წერილმა გამოიწვია. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მისი მეუღლე თაკო მერაბიშვილი წერს.

"ვანოს ადვოკატმა გადასცა პატარა დათუნას წერილი... ემოციაც სწორედ ამან გამოიწვია. 4 წლის დათუნამ საკუთარი ხელით დაწერა ეს წერილი", - წერს თაკო მერაბიშვილი.

წერილში ეწერა: "ვანო, მოდი მალე, დათუნა".

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 29 იანვარს სოციალურ ქსელში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. “მინდა ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდია”, – ამბობს ვიდეოში ვანო მერაბიშვილი.

ყოფილი პრემიერი სასამართლოზე აღნიშნულ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა.

„მუხროვანის აჯანყებაში გარდა ყველასთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი. ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის დავალებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის“, - განმარტა მერაბიშვილმა.