საზოგადოება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება

1-Cergola-sazog-1-mtavსაქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“, გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებზე საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციასა და პოლიტიკოსის ეკონომიკურად მომგებიან გარიგებებთან შესაძლო კავშირების თაობაზე, გიგა ბოკერიას მეუღლის, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან საჯარო სივრცეში გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. კერძოდ, ორგანიზაცია ეხმაურება ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოჯახი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ, სარჩელს შეიტანს, ხოლო გამოქვეყნებული მონაცემები რომელიც ეხებოდა გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს, რომელსაც მამა, მეუღლე, მეუღლის და და სიძე ფლობენ, გააჩნიათ 45 მლნ ლარამდე შემოსავალი, მისი შეფასებით, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დოკუმენტში მითითებული ყველა მონაცემი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ბატონ გიგა ბოკერიას მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის. შესაბამისად, გაუგებარია ემოცია, რომელიც გამოიწვია გამოქვეყნებულმა კვლევამ, რადგანაც ორგანიზაციამ მხოლოდ ანალიზი მოამზადა იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დროს, ყურადღება დაუთმოს მხარეთა არგუმენტაციას, ხოლო ვიდრე ბატონი გიგა ბოკერიას ოჯახი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავდეს, მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ გვერდებზე გამოთქმული მოსაზრებების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა ბატონ გიგა ბოკერიას ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, კვლევაში დასახელებული კომპანიების მფლობელები, წარმოადგენენ თუ არა საკუთარი ოჯახის წევრებს, ხოლო შემდეგ საზოგადოებას ემსჯელა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ყოფილ საჯარო მოხელეს ჰქონოდა რაიმე სახით დაკავშირება ჩამოთვლილი კომპანიების საქამიანობასთან. ვფიქრობთ, ქართული საზოგადოება იმსახურებს საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მხრიდან ოფიციალურ განმარტებას და გვაქვს იმედი, რომ ცნობილი პოლიტიკოსი საზოგადოების ინტერესის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ თუკი ბატონი გიგა ბოკერიას ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოქვეყნებულ მონიტორინგში მოტანილი ფაქტების გამო მიმართოს სასამართლოს, იქნება შესაძლებლობა, მხარეებმა საკუთარი არგუმენტები და დასაბუთება უკვე სასამართლო პროცესში წარმოადგინონ. ორგანიზაციას აქვს საკმარისი დასაბუთება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის შეთავაზებული მონაცემები მტკიცებულებებით გაამყაროს.

ამასთან, ორგანიზაცია თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმართავს ჟურნალისტურ კორპუსს, რათა საკითხის გაშუქების დროს, დაცული იქნეს მხარეთა პოზიციები და არ მოხდეს საკითხის საზოგადოებამდე ცალმხრივად მიტანა. ორგანიზაცია არ ეთანხმება სხვადასხვა გამოცემაში საკითხის შესახებ ისეთ გაშუქებას, როდესაც საუბარია, თითქოსდა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გიგა ბოკერიას მიმართ რაიმე სახის „ბრალდებები“ გამოაქვეყნა, ხოლო ოჯახი ამ „ბრალდებებს“ პასუხობს. განვმარტავთ, რომ გამოქვეყნებული მონაცემები საჯარო ინფორმაციის ნაწილია და ის არ განეკუთვნება „ბრალდების“ კატეგორიას. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, საკითხის გაშუქება ტერმინოლოგიის დონეზეც, სიზუსტით მოხდეს.

ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განვმარტავთ, წარმოდგენილ დოკუმენტში: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“, ბატონ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ შესაძლო ბიზნეს–ინტერესებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც ოჯახის ახლო წევრების მფლობელობაში თუ თანამფლობელობაშია, არც ერთ მონაკვეთში არ არის მითითებული, თითქოსდა აღნიშნული კომპანიები უკანონო შემოსავლებს იღებდნენ. კვლევამ დასვა მხოლოდ საკითხი: შეიძლებოდა თუ არა ასეთ ვითარებაში დაგვენახა მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირის (პირების) ფაქტობრივი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, როდესაც გაეროს „სახელმწიფო თანამდებობის პირთა ქცევის საერთაშორისო კოდექსის“ მიხედვითაც, „სახელმწიფო თანამდებობის პირმა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი პირადი ან ოჯახური ან/და ფინანსური სარგებლის მისაღებად“. ასეთ სტანდარტზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ–ერთი გადაწყვეტილებაც. ახდენდა თუ არა ბატონი გიგა ბოკერია ოჯახის წევრების ბიზნესის მხარდაჭერას, ეს მოვლენა საზოგადოების შინაგანი რწმენის საკითხია.

1-Cergola-sazogad-1-1