საზოგადოება
სვანები სამაგალითოდ დაისაჯნენ

svanebiზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის რაიონის ექვს მკვიდრს მკაცრი განაჩენი გამოუტანა. დავით, შოთა და ტარიელ ჯაფარიძეებს 4 წლითა და 6 თვით, ნელი ნავერიანსა და მზევინარ ჯაფარიძეს 4 წლით, ჯამბულ ჯაფარიძეს 5 წლით (ის იძებნება) თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მათ ბრალი ედებათ ფულის გამოძალვაში. მესტიაში კანადელმა ბიზნესმენმა უილიამს ჯეიმს სიმსონმა კანონის სრული დაცვით შეიძინა ტურისტული ბაზა ,,უშბა” და იქ თავის წარმომადგენლად დანიშნა დაბა ჯვარის მკვიდრი დავით ქუხილავა, რომლისგანაც ზემოთ აღნიშნულმა პირებმა მოითხოვეს 220 000 ლარის გადახდა, იმ მოტივით, რომ კანადელის მიერ შესყიდული მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა. მამაპაპისეული მიწის სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ისინი ქუხილავას დაემუქრნენ. ქუხილავა მათ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას დაჰპირდა და სწორედ 70 000 ლარის გადაცემისას დააკავეს ზემოაღნიშნული პირები. ესაა ოფიციალური ვერსია. არაოფიციალურად კი ყველაფერი პროვოცირებული და ინსპირირებული იყო, თუმცა დაკავებულებმა, იმ იმედით, რომ სასამართლო მათ მიმართ ლოიალური იქნებოდა, აღიარეს დანაშაული და მოინანიეს თავიანთი ქმედებები, მაგრამ სასამართლომ ისინი იმედგაცრუებულები დატოვა.

საგულიხმო იყო სასამართლო პროცესზე მათი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები: ,,სიმფსონი არის გამოგონილი პიროვნება, რადგან ის არც ერთხელ არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე”, ,,ვინ სცემს ასეთ კანონებს. მთიელი ხალხი უმიწოდ უნდა დატოვონ? რა უნდა ქნან მათ მიწების გარეშე”? ,,სვანეთში მოსახლეობა კანონზე მაღლა მამაპაპურ ტრადიციებს აყენებს და ეს რატომ არ იქნა გათვალისწინებული; მიუხედავად საქართველოში მიმდინარე ამერიკანიზაციისა, სვანები მაინც მამა-პაპური ტრადიციების გამტარებლები ვიქნებით”.

საბოლოო სიტყვაში პატიმარმა, მესტიის საკრებულოს ,,თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარემ ნელი ნავერიანმა განაცხადა: ,,ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ეს იყო ინსპირირებული და პროვოცირებული ქუხილავას მიერ. ის თვითონ მოვიდა ჩვენთან და გვკითხა, რა გსურთო. სვანური ტრადიციების მიხედვით, ადრე წართმეული მიწები დაუბრუნდათ მათ ძველ მეპატრონეებს. ჩვენ ეს გვინდოდა. ძალიან გვიკვირს, დანაშაული ვაღიარეთ, მოვინანიეთ, ველოდით საპროცესო გარიგებას და არ განხორციელდა, რატომ გვსჯიან ასე მკაცრად, ასეთი რა დავაშავეთ?” ადვოკატების განმარტებით, დაკავებულები სარჩელს შეიტანენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იმედოვნებენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დასთანხმდება საპროცესო გარიგებას.