საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 31 იანვარს -2 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: “გლობალური ძალაუფლება და რეგიონული სტაბილურობა“.ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაში მონაწილე პირებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმდინარე რეფორმებზე. გაიმართება დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგება საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალური გახსნის და საზეიმო მიღების ცერემონიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის პოსტ ზეეჰოფერის ოფიციალურ სადილზე და სამუშაო ლანჩზე.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩარ ჰაგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვოლტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს.
მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ FOCUS-ს, ასევე ტელეკომპანია ZDF-ს.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 31 იანვარს ეწვევა. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.