აქტუალური
ჰერმან ვან რომპეი: „საქართველო ასოცირების შეთანხმებას ადრე შემოდგომამდე მოაწერს ხელს“

herman-akt-2საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს, მაქსიმუმ, ადრე შემოდგომამდე მოაწერენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ევროკავშირი-რუსეთის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ასოცირების შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, სრულად თავსებადია ამ ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან", - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ჰერმან ვან რომპეის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გავლენას არ ახდენს რუსეთის ეკონომიკურ, სავაჭრო, სოციალურ, ჰუმანურ და კულტურულ კავშირებზე მეზობლებთან.

ევროკავშირი-რუსეთის 32-ე სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.