აქტუალური
ირაკლი ალასანია: „თავდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განხორციელებული რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს“

aqtual-3-Reformebiსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც  2013 წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეცაა საუბარი.

ირაკლი ალასანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბოლო ერთი  წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის კუთხით მიღწეული პროგრესისა და გამოცდილების  სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობა აქვს. სისტემის გახსნის კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა, რეფორმები ექსპორტზე გაიტანოს. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს მომავალში დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც რასმუსენის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს ნატო-მ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც ნატოსკენ მიისწრაფვიან – საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, მონტენეგროსთან და მაკედონიასთან: “2013 წელს პროგრესი იქნა მიღწეული რეფორმების შესრულებაში, რომელიც აუცილებელია ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ალიანსის წევრობისთვის ამ ქვეყნებს წინსვლა შემდგომშიც ესაჭიროებათ. კონკრეტული სამუშაოების სფეროები საქართველოსთვის მოიცავს წინსვლის გაგრძელებას სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მიმართულებით, როგორც ეს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშია მითითებული”.