პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

Beniamin-polit-3-mtavსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს: "დღეს ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა.ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. 

ირაკლი ღარიბაშვილისა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა საქართველო - ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ისრაელის მხრიდან - ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერ - მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ისრაელში გაიმართა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა მომავალ წელს საქართველოში გაიმართება.

Beniain-polit-3-qvem