როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა საჯარო სკოლებში მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორის სამი მამაკაცია. ორმა პედაგოგმა საქართველო უკვე დატოვა.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსი ნაზი ბერიძე აცხადებს, რეგიონიდან ინგლისური ენის პედაგოგების წასვლის ძირითადი მიზეზი მათი კლიმატთან შეუგუებლობაა.
პედაგოგებმა მაღალმთიანი დასახლებების – მახოს, ქედას, ხულოსა და კახაბრის სკოლები დატოვეს. იმ ხუთი პედაგოგიდან ერთ-ერთი ბათუმის მეთვრამეტე სკოლის მასწავლებელიც იყო.
ნაზი ბერიძის განცხადებით, მამაკაც პედაგოგებს ასთმური შეტევა და ბრონქიალური გართულებები დაეწყოთ. აუცილებელი გახდა მათი საქართველოდან წასვლა. დანარჩენები გურიის საჯარო სკოლებში გადაანაწილეს.
"ზოგიერთ მათგანს ნამდვილად ჰქონდა მოთხოვნები და პრეტენზიები. სკოლის კეთილმოწყობასთან ერთად, ეს ეხებოდა სასწავლო პროცესის გამართულობასაც. ფაქტია, რომ ჩვენი განათლების სისტემა რაღაც ინოვაციურს ვერავის შესთავაზებდა. ყველაფერი მიმდინარე რეფორმების შედეგი უნდა იყოს. იყო შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისულმა ერთ-ერთმა უცხოელმა მასწავლებელმა ინდივიდუალური საშხაპე მოითხოვა. ცხადია, მთავრობას ალოგიკური მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერა ვერც ექნება. იყო შემთხვევა, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში ოჯახმა პედაგოგი კანის ფერის გამო არ მიიღო. ეს მასწავლებელი ოზურგეთში განაწილდა," – განაცხადა ნაზი ბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოვიდნენ. 2010 წლის ბოლოსთვის 1000 პედაგოგის ჩამოყვანაა ნავარაუდევი.