აქტუალური
ნათია მიქელაძე: „ტექდათვალიერების საფასურის დადგენისას ქვეყნის რეალობა გათვალისწინებული იქნება“

teqdatvaliereba-akt-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ე.წ ტექდათვალიერების საფასურის დადგენისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის რეალობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საფასური არ იქნება ისეთივე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს კომპანია TUV Rheiland Group-თან შემდგომი მოლაპარაკების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს", - აღნიშნა ნათია მიქელაძემ, რომლის შეფასებითაც, ტექდათვალიერების პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩართვა კორუფციის პრევენციას შეუწყობს ხელს.

"ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. გარდა ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუფერხებლად შეძლებს საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩართვას", - განაცხადა მიქელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება.